რედაქტორის შენიშვნა: ეს არის ინგლისური სტატიის თარგმანი. ჩვენ არ ვწერთ ხშირად ქართულად, მაგრამ ვთვლით, რომ ეს მნიშვნელოვანია ქართველი მკითხველებისთვის.
იოლი საქმე არ არის მიიზიდო უცხოური ინვესტიცია მაშინ, როცა 27 ქვეყანა ხელახლა ხდება მსოფლიო კაპიტალიზმის ნაწილი და ცდილობს თავის დამკვიდრებას. მსგავსად პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა, ამ მიზნის მისაღწევად საქართველომაც ნეოლიბერალური რეფორმები გაატარა. მართალია, გვიან, მაგრამ შესაშური ენთუზიაზმით.
საქარველოს მთავრობები, ერთმანეთის მიყოლებით, სიამაყით აცხადებენ, რომ ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნიან. უფრო მეტიც, ისინი ზოგჯერ მალავენ ბაზარში სახელმწიფოს ისეთ ჩარევასაც კი რაც ნებისმიერი სახელმწიფოს პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რათა მათი იმიჯი არ შეილახოს. დანარჩენ მსოფლიოში, 2008 წლის კრიზისის შოკმა სხვადასხვა ეტატისტს თუ მემარჯვენე ანტილიბერალს ნეოლიბერალიზის წინააღმდეგ ბრძოლისკენ უბიძგა. საქართველოში ისევ ის პოლიტიკა გრძელდება, თითქოს არანაირ კრიზისს ადგილი არ ქონია. ქვეყანა აგრძელებს ისეთი რეფორმების განხორციელებას, რომლებიც რეგიონული და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მოთხოვნებსაც კი სცდება. ასეთი რეფორმების მაგალითებია ბრტყელი საგადასახადო პოლიტიკა და კერძო საპენსიო სისტემა, რომელსაც, ძირითადად, მხოლოდ ადგილობრივი ბიზნეს-ასოციაციების მხარდაჭერა აქვს.